ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.
სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავლებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით.
ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკრის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, ანატორი, აკლდამები და სხვა.
No comments:
Post a Comment