Pages

Monday, May 2, 2011

ტაილანდი-დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანა

      ტაილანდის სამეფო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მდებარეობს სამხრეთ აზიის ცენტრში. ტაილანდი ფართობი მოიცავს 513 115 კვ.კმ-ს. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 1500 კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 800 კმ-ზე.

    ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ტაის ეთნოსისაგან, თავის მხრივ ”ტაი” აღნიშნავს ”თავისუფალს”. შუა საუკუნეებიდან 1939 წლამდე ქვეყანას სიამი ერქვა (სანსკრიტზე Sayam - "შავგვრემანი, მუქკანიანი”).
    ქვეყანა იყოფა ოთხ ძირითად გეოგრაფიულ რეგიონად: ჩრდილოეთი, ცენტრალური, ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთი. ჩრდილოეთი არის ძირითადად მთიანი, აქ წარმოიქმნება 4 მთავარი მდინარე, რომელიც კვებავს ჩაო პრაის მდინარეს, ცენტრალური ნაწილის მაცოცხლებელ ხაზს. ეს უკანასკნელი რეგიონი მდებარეობს ძირითადად 200მ სიმაღლეზე. ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი იკავებს მთელი ქვეყნის ტერიტორიის 1/3 ნაწილს და არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი. ეს არის მშრალი, 100-200 მეტრ სიმაღლეზე განთავსებული ტერიტორია, რომლის უმეტეს ნაწილზე მონაცვლეობს ორი პერიოდი. იგი ან დატბორილია, ან კიდევ გვალვაა. ასევე ამ რეგიონის სიმლაშეცაა, რაც თავისთავად მიწის პროდუქტიულობას დაბალს ხდის.

    ტაილანდში კლიმატი არის ტროპიკული, ტემპერატურისა და ტენიანობის მაღალი მაჩვენებლითა და დომინირებული მუსონებით. აპრილი და მაისი არის წლის ყველაზე ცხელი თვეები. ივნისი არის სამხრეთ-დასავლური მუსონების დასაწყისი, მას მოაქვს წვიმები, რომელიც შენაცვლებით, მაგრამ მაინც გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე ჰავა არის ნაკლებად ქარიანი და ტენიანობაც შემცირებულია. ეს არის ძირითადად ტურისტული სეზონი და ყველაზე კარგი დრო ტაილანდის მოსანახულებლად. ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი არის ზამთარში ზოგადად უფრო ცივი და ზაფხულში უფრო ცხელი, ვიდრე ბანგკოკი. აქ არის ძირითადად სამი ტიპის სეზონი: გრილი (ნოემბრიდან თებერვლამდე), ცხელი (აპრილიდან მაისამდე) და წვიმიანი (ივნისიდან ოქტომბრამდე).

    ტაილანდი განლაგებულია ტყის ტროპიკულ ზონაში. მისი ტერიტორიის დაახლოებით 30% გაუვალ ტყეებს უკავია. დიდი სხვაობაა მცენარეულობაში რეგიონების მიხედვით. ზღვისპირა ზოლში ძირითადად გავრცელებულია მარადმწვანე ტყეები. კორატის პლატოზე ნათელი ტყეები და ბუჩქნარებია წარმოდგენილი. მშრალჰავიან გორებზე 700-1700მ სიმაღლეზე არის შერეული ტყეები, მთების ზემო ნაწილში კი იზრდება მარადმწვანე ბუჩქნარები. ტაილანდის ტყეებსა და ბუჩქნარებში გვხვდება ცხოველთა მრავალგვარი სახესხვაობები. გიბონი, სპილო, ვეფხვი, ლეოპარდი და მრავალი სხვა ველური ცხოველი. ასევე მრავალი ფრინველი, მღრღნელი და ქვეწარმავალი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი და მრავალგვარი თევზი.

    სამდინარო სისტემა ტაილანდში მრავალფეროვანია. მდინარეების ჩამონადენის ხასიათი მკვეთრად ცვალებადია სეზონების მიხედვით, ასევე დიდ გავლენას ახდენს მუსონური წვიმებიც. ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარეა მენამ-ჩაო-პრაი.
   ტაილანდი ფლობს უდიდეს შესაძლებლობებს ტურიზმის განვითარებისათვის. ამ შესაძლებლობას მას აძლევს მისი ხელსაყრელი მდებარეობა ინდოჩინეთის ცენტრში და მალაკის ნახევარკუნძულზე, ფართო გასასვლელი ზღვაში, მდინარე მენამის სატრანსპორტო შესაძლებლობა, ოქროს ქვიშა, მრავალფეროვანი რელიეფი, მსოფლიოში უმდიდრესი ტყეები, პოპულარული საზღვაო კურორტები და მრავალი უნიკალური კულტურულ-ისტორიული ძეგლი.

ტურისტთა მომსახურებისათვის ბანგკოკში უამრავი გასართობია: ესენია ღამის კლუბები და ფეშენებელური რესტორნები, ბარები, საკონცერტო დარბაზები, პარკები, მუზეუმები, თეატრები, გალერეები, კინოთეატრები, მასაჟ სალონები, საბილიარდო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, გოლფის მოედნები, სპორტული დარბაზები და სხვ.
მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება დიდი სამეფო სასახლის კომპლექსი; ვიმან მეკის სასახლე ყველაზე დიდი ,,ოქროს” ტექტონას ხეებისაგან დამზადებული: პასტერის ინსტიტუტის გველის ფერმა, სადაც ამრავლებენ შხამიან გველებს და აგროვებენ შხამს ფარმაკოლოგიისათვის. ჯიმ ტომპსონის სახლ-მუზეუმი, სადაც თავმოყრილია აზიური ხელოვნების შემქმნელთა კოლექციები. ბანგკოკი იწყება ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარის მენამ-ჩაო-პრაის შესართავიდან, რომელიც რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული სიამის უბიდან, ფართოდ იშლება მრავალი მდინარეებითა და ნაკადულებით დაფარულ დაბლობზე. ყველაფერ ამით ქალაქი მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც აღმოსავლეთის ვენეცია.









 


No comments:

Post a Comment